ბიოპროდუქტების მწარმოებლები შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდნენ 

სიმწვანე, მწვანე, გარემო, ბიოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა და ასე შემდეგ, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აღნიშნული მიმართულებით არაერთ ინიციატივას  შემოდგომით წარმოადგენს. მანამდე კი ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებლები საგადასახადო ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდნენ.

მამუკა ბახტაძის ერთ-ერთი ამბიცია სწორედ საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნად გადაქცევაა. მისი განცხადებით, მეწარმეები, ვინც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, სახელმწიფოსგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ.

„მართალია, ნატურალური პროდუქტების ნაწილი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდა, თუმცა, ჩვენი გეგმები გაცილებით ამბიციურია. ამ პოლიტიკას შემოდგომაზე წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში იქნება, სადაც ჩვენ აქცენტი, სწორედ, ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე გაკეთდება. ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მსგავსი თემები