მაშველებს ყველაზე ხშირად კორპუსების საჰაერო მილებში ჩაცვენილი კატების გადასარჩენად იძახებენ  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მაშველებს, გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირად, მრავალსართულიანი სახლების საჰაერო მილებში ჩაცვენილი კნუტებისა და კატების გადარჩენა უწევთ. ​ამასთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს მოუწოდებს იზრუნონ ამ პრობლემის მოგვარებაზე, საჰაერო მილი ბადით ჩაკეტონ, რათა მასში ცხოველმა ვეღარ შეაღწიოს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ლომჯარიამ დღეს განაცხადა, ​სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამაშველო ოპერაციები, რომელთა რაოდენობაც, შარშანდელთან შედარებით 25 %-ით გაიზარდა. მარტო გაზაფხულის განმავლობაში 102 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. ასევე ხშირია, შემთხვევები, როდესაც კნუტები და ლეკვები ავტომობილის ძრავში ძვრებიან და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

მისივე ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მაშველებს დღეში სულ მცირე ერთზე მეტი ოპერტაციის  ჩატარება უწევთ. ეს მაჩვენებელი მერყეობს პერიოდიდან გამომდინარე, კერძოდ, ლეკვებისა და კნუტების პერიოდში გამოძახებებიც მატულობს.

“ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი მიმართულებით, როგორც სიმაღლიდან ცხოველის ჩამოყვანა, ასევე თხრილში, ორმოში, საკომუნიკაციო ჭაში ჩავარდნილი ცხოველის გადასარჩენად, შემდეგ მათ ნაწილს უტარდება სამედიცინო დახმარება ჩვენი ვეტერინარების მიერ. ​​უფრო მეტად ვახდენთ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას, თუმცა ამასთან ერთად სააგენტო დადგა კვალიფიკაციის საკითხის ამაღლების საჭიროების წინაშე, რომ მაშველებმა სრულად იცოდნენ სამაშველო ოპერაციებში ჩართულობის, ეკიპირების აღჭურვილობის გამოყენების დეტალები, რაც აუცილებელია ჩვენთვის. როდესაც გვინდა სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენი მაშველები ჩავაგდოთ საფრთხეში, თუ კი ისინი კონკრეტულ სიტუაციაში არ არიან მომზადებულნი ამა თუ იმ ტიპის სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. ჩვენ ვახდენთ ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას, იქნება ეს ავტომობილის ძრავში გაჭედილი ცხოველის დახსნა თუ მდინარეში ჩავარდნილის გადარჩენა”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, თუ კი დაინახავენ განსაცდელში ჩავარდნილ ცხოველს, დარეკონ “112”-ში.

მსგავსი თემები