„3 შვილის დედის მკვლელობისთვის ბრალდებულის შურაცხადად „გასაღებას“ ცდილობენ“ – მიმართვა ექსპერტიზის ბიუროს და გამოძიებას

6 ივლისს, დაბა სურამში,  მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის – თეა რუსიას ოჯახის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს. ადვოკატები ეჭვობენ, რომ გარკვეული პირები მკვლელობისთვის ბრალდებულის შეურაცხადად შერაცხვას და პატიმრობისთვის თავიდან არიდებას ცდილობენ.  

„მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებული ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც შეურაცხადი. მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იქით, რომ  თითქოს და ეს პიროვნება არის შეურაცხადი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი გარემოებები, მოწმობს საპირისპიროს. შესაძლებელია ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება, ჩადენის დროს, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, იყო სრულიად გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩადენის მომენტში აღნიშნული პიროვნება იყო შერაცხადი. თუმცა, მას ჰყავს გარკვეული სანაცნობო“ – განაცხადა ადვოკატმა ნიკოლოზ  წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს იყო განზრახ მკვლელობა და შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს.

„დაკავებულმა,  იარაღი, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინა, რამდენიმე თვით ადრე შეიძინა. ამასთანავე, აიღო ე.წ. ფსიხო, რაც ადასტურებს რომ ის შერაცხადი იყო. საქმეში ასევე არსებული მტკიცებულებაც ადასტურებს, რომ მან მკვლელობა განზრახ ჩაიდინა. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას კი სრულად მოყვა ყველაფერი და ვითარება დეტალურად აღწერა“ – განაცხდა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატის განცხადებით, თუ დასკვნა გაყალბდა, ოჯახი სხვა რესურსს გამოიყენებს.

„ყველა მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე ყოველთვის ნიშნავს ზუსტად ექსპერტიზას, არის თუ არა პირი შერაცხადი. აღნიშნული ექსპერტიზა უკვე რამდენიმე დღეში ჩაინიშნება და მინდა მოგახსენოთ, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ პიროვნებას ჰყავს გარკვეულ წრეებში საკმაოდ თანამდებობის პირები. თუ ვინმე შეეცდება, გამოძიებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება, რაიმე სახით ჩაფარცხოს აღნიშნული საქმე, ექსპერტიზაზე მოახდინოს ზეგავლენა, ყველა ამ პიროვნებას ვამხელთ. ოჯახის წევრებს გააჩნიათ შესაძლო რესურსი, თუ ექსპერტიზა არ იქნება ისეთი, როგორსაც კანონი მოითხოვს, სწორედ დასკვნა არ იქნება მიმართული, სწორედ სამართლიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახის წევრებს აქვთ იმხელა რესურსი, რომ ჩვენ მოვიწვიოთ უცხოეთიდან ექსპერტები და ალტერნატიულ ექსპერტიზებს ჩავნიშნავთ აღნიშნულთან დაკავშირებით“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა.  

შეგახსენებთ, რომ დაბა სურამში, 3 შვილის დედა საკუთარმა მეუღლემ, ეჭვიანობის ნიადაგზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები