“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ” – “ქართული ოცნება”

პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ.

პირველი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

აღნიშნული პირები არიან: ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი). აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

რაც შეეხებათ დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

მსგავსი თემები