„გუშინდელი გამოკითხვით გამოძიებამ არსებითი ვერაფერი მიიღო, ის დაკავებულების მეგობარია“ –  საბა ჭანკოტაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის გამოკითხულ საბა ჭანკოტაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიებამ არსებითი ვერაფერი მიიღო. როგორც მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ის მხოლოდ იმიტომ დაიბარეს რომ დაკავებულების მეგობარია.     

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ვითომ, საბა ჭანკოტაძის  მანქანა ფიგურირებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.  არადა, მისი ავტომანქანა საერთოდ არ ფიგურირებს არც შემთხვევის ადგილზე, არც შემდგომ და არც მანამდე. მას მანქანა გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი რუსთავის ავტობაზრობაზე და შესაბამისად, მისი მაქანა ამ საქმეში ვერ მოხვდებოდა. არც ერთ ვიდეოკამერაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა არ ჩანს“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც გუშინ შსს-ში ჩატარდა, ადვოკატის თქმით, ტელეფონი ამოიღეს და დალუქეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, არ ყოფილა არც ჩხუბის დროს ის არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდა. არც იუბილარ გოგონასთან აკავშირებს ნაცნობობა. ის იცნობს სხვა მონაწილეებს, მისი ბავშვობის მეგობრები არიან დაკავებულები: ნიკა ჟვანია, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე. ასევე, დაჩი ბუაძე არის მისი ბავშვობის მეგობარი. ეს ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ გამოძიებას. მას ავთანდილ ბილანიშვილთან შეხება არ ჰქონია. ამოიღეს მისი ტელეფონი, დალუქეს და აუღეს ბიოლოგიური მასალა – ნერწყვი.  გაუგებარია, რატომ ამოიღეს მისი ტელეფონი, სადაც არანაირი ინფორმაცია არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით.  მისი დაკითხვა  სწორედ იმიტომ  მოხდა, რომ დაკავებულების ბავშვობის მეგობარია. გუშინდელი გამოკითხვით გამოძიებამ არსებითი არაფერი მიიღო“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

   


მსგავსი თემები