მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები იზრდება

მთავარი პროკურატურის ინიციატივით, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კოორდინატორი სამართალწარმოების პროცესის მონაწილე გახდა და აღიჭურვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, მათ შორის, მოწმის ან დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე დასწრებისა და ამ მოქმედებების განმავლობაში, მათი ემოციური მხარდაჭერის ფუნქციით.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მთავარ პროკირატურაში განუმარტეს, განხორციელებული საკანონდებლო ცვლილების შესაბამისად, სწორი პრაქტიკის დანერგვისა და კოორდინატორების პროფესიული მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიზნობრივი სასწავლო კურსები განხორციელდა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში დეტალურად განიხილეს კოორდინატორების საქმიანობის სამართლებრივი, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური ასპექტები. მათ შორის, კოორდინატორების პირველი რეაგირება ინფორმაციის მიღების შემდგომ, მათი ფუნქცია-მოვალეობები, დაზარალებულთან/მოწმესთან ურთიერთობის სტანდარტები. ასევე, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტები.

მათივე ინფორმაციით, კოორდინატორების გადამზადების პარალელურად, სამუშაო შეხვედრა შედგა საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან, სადაც, საკანონდებლო ცვლილებების განხილვის პარალელურად, აქცენტი პროკურორებისა და კოორდინატორების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

კოორდინატორებმა, ახალი გამოწვევებისთვის მოსამზადებლად, უკვე გაიარეს სწავლება ოჯახური დანაშაულებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის მიმართულებებით. მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეტაპობრივად ხორციელდება და ის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კოორდინატორების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ)  მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები