„ჩვენი ვალდებულება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე სამაგალითო იყოს“ – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საუბრის დროს განხილულ თემებზე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ არ გვიკვირს, რომ ყველანაირი პოზიტივი, რაც შეიძლება ხელისუფლებას უკავშირდებოდეს, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს თუ როგორ „იქცევა“ ქვეყანა. რეალობა რა არის? – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია უნდა გამართულიყო, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიდო, თუმცა წლის ბოლომდე ნამდვილად ჩატარდება და დაიგეგმა ეს შეხვედრა. შესაბამისად, შედგა სატელეფონო საუბარი, რომელიც შემდგომი „ტვიტები“ იყო თუ განცხადებები, პირდაპირ უთითებს თუ რამდენად პოზიტიური იყო ეს სატელეფონო საუბარი და თუ რამდენად უმნიშვნელოვანეს  თემებზე იყო საუბარი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს. ძალიან მრავალმხრივ ურთიერთობებზე იყო საუბარი, არა მხოლოდ  ჩვენთვის ძალიან სენსიტიურ და მნიშვნელოვან ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ დარღვევებს უკავშირდება და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ერთიანობის მიმართ მხარდაჭერას შეეხებოდა, არამედ საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან მოლოდინია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს დემოკრატიულ და მაღალი სტანდარტების საპარლამენტო არჩევნებს, რასთან დაკავშირებითაც, როგორც პრემიერს, ჩვენც, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებული გვაქვს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო არჩევნები, რაც ჩატარებულა. ამ კუთხით, როგორც დამკვირვებელი,  ჩართული იქნება ყველა  – საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც ადგილზე ნახავენ თუ როგორ ჩატარდება არჩევნები“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

მსგავსი თემები