გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.

გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.

საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე. კერძოდ, ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ის, ნატო-სა და  ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და  ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მსგავსი თემები