იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება

იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა მგზავრობის დროს დაახლოებით ერთი საათით დაზოგავს. გზის მშენებლობა დაგეგმილია ხუთ ნაწილად, ყველა მონაკვეთზე მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებში ტურიზმის განვითარებას.

მათივე ინფორმაციით, გზა იწყება საჩხერიდან და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი და ზუდალი. ახალი გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით და ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მსგავსი თემები