„ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიას 4 წლიანი განვითარების გეგმაზე ააგებს

„ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ,  მათ შორის, ამ კანდიდატების სიძლიერის გავითვალისწინებით მივიღებთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და სწორებას ქვეყნის 4 წლიან განვითარებაზე აკეთებს.  

„ჩვენ ვთქვით, რა იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ეს იყო წარმატება – წარმატებულად განვლილი ცხოვრება, საქმიანობა, გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა სფეროში. წარმატებას აქვს თავისი მიზეზი, თავისი საფუძველი. ეს საფუძველი არის კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, ღირსება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სიყვარული საქმის, ქვეყნის და იმ უბნის თუ  რეგიონის, რომელსაც კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ უკვე მეათე მოწვევის პარლამენტში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პანდემიამ საარჩევნო კამპანიაშიც გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა ძირითადი სათქმელი ყველა მოქალაქემდე მივა.

„ჩვენ  სხვადასხვა ფორმატს, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად  ბევრ მოქალაქემდე, ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს ის გზავნილები, რომელსაც გააჟღერებს „ქართული ოცნება“. ეს გზავნილები დაკავშირებული იქნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამაზე უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას და ჩვენი კამპანია ამაზე იქნება აგებული. ეს იქნება ძალიან პოზიტიური კამპანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები