საქართველოს „შავ სიაში“ მოხვედრა ემუქრება 

„ევროპული აკრედიტაციისთვის ჯერ არ მიგვიმართავს, რადგან, არ გვინდა, საქართველო „შავ საში“ მოხვდეს, თუმცა თუ პროცესები არასამართლიანად წარიმართა იძულებულები გავხდებით ასეთი წერილი გავაგზავნოთ“ – განაცხადა „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით  მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა შეწყვიტოს კონკრეტული კომპანიისთვის პრივილეგიების მინიჭება. 

მისივე თქმით, კონკრეტული კომპანია, რომელიც ამჟამად პრივილეგიებით სარგებლობს „გრინვეია“.

„ჩვენ ევროდირექტივების დანერგვის მხარდამჭერები ვართ, თუ რეფორმები სწორად გატარდება და 90-იანი წლების „ტეხასმოტრს“ არ დაემსგავსება. ამისი ერთ-ერთი მაგალითია კომპანია „გრინვეი“ თავისი მახინჯი მაქინაციებით. სამწუხაროა, მაგრამ თუ პრობლემები არ გადაიჭრება მაღალია რისკი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ მწვანედ გადაღებილი „ტეხასმოტრის“ ცენტრები. პირველი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არის თანაბრობა და არადისკრიმინაციული მიდგომა კომპანიების მიმართ;  მეორე – კანონის აღსრულება; თანამედროვე მონიტორინგის სისტემა პროცესზე დ ბევრი სხვა“ – განცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება „შავ სიაში“ მოხვედრას, როგორც მესხიშვილმა გვითხრა, ევროპული აკრედიტაციისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა, თუ სახელმწიფომ გააგრძელა შერჩევითი დამოკიდებულება ბიზნესკომპანიებთან და სხვა გზა არ დატოვა, იძულებულები გახდებიან ეს გააკეთონ.

„არ მინდა რეფორმა ჩავარდეს. რეგიონებში პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა. სახელმწიფომ მოიფიქრა, რომ ინსპექტირების „მოძრავი ხაზები“ მომსახურებოდა მთიან მუნიციპალიტეტებს და ეს ხაზები აეტანათ იქ, რასაც კომპანია „გრინვეი“ არ ასრულებს და სამწუხაროდ ეკონომიკის სამინისტროს ამაზე ნულოვანი რეაგირება აქვს.  155 000 მოსახლეობისთვის ტექ-ინსპექტირება უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთვის. 20-მდე რაიონს ინსპექტირება, როგორც მომსახურება საერთოდ არ მიეწოდება. აგრეთვე, ინსპექტირების ხაზი მხოლოდ „გრინვეის“ შეუძლია მოხსნას, წაიღოს, მიუყენოს სხვა მოქმედ ცენტრს და წაართვას „კლიენტები“, რასაც აკეთებს ბათუმში, ახალციხეში. ეს არის ბინძური მეთოდი, მიმართული ბიზნესგარემოს დასაზიანებლად და რეფორმის ხელშესაშლელად. ამავდროულად ეს არის მცდელობა, რომ მოხდეს ბაზრის მონოპოლიზაცია. ინსპექტირების სფეროში არასამართლიანობა და უთანაბრობა დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რომ არ მოხდეს პროცესის „ტეხასმოტრიზაცია“. კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემობაში არ გამოიხატება, შეიძლება კორუფციული იყოს ინტერესი, როდესაც ერთ კომპანიას ახალისებ, ანიჭებ პრივილეგიას და სხვებს კი არა, თუნდაც ეს ხელშეკრულებით იყოს გამართლებული. რა თქმა უნდა, ასეთი უსამართლო პროცესი ვერ გაგრძელდება დიდხანს, ამას არც  არასამთავრობო ორგანიზაციები დავუშვებთ და გამოვიყენებთ ყველა კანონიერ ბერკეტს მდგომარეობის გასაჯანსაღებლად, მათ შორის საერთაშორისოს“.

„ჩვენ, ჯერჯერობით არ მიგვიმართავს ევროპული აკრედიტაციისთვის. ეს არის ძალიან ძლიერი და სერიოზული ორგანიზაცია, თუ ეს ყველაფერი არ გასწორდა, აუცილებლად მივმართავთ ევროპულ აკრედიტაციას. ვერიდებით ამ ეტაპზე, რადგან არ გვინდა, საქართველო მოხვდეს „შავ სიაში. ამასთანავე მაქვს იმედი, რომ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში კარგად ესმით მდგომარეობის სიმწვავის და პრობლემების გადასაჭრელად ნაბიჯებიც გადაიდგმება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობისათვის მზად ვართ. საქართველოსთვის, მისი ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია რეფორმის წარმატებით ჩატარება და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ – განუცხადა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.         


მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.         

   

 

მსგავსი თემები