თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზის ბოძების დემონტაჟი განხორციელდება

თბილისის საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ბოძების დემონტაჟი განხორციელდება, ხოლო ელექტროსადენებს მიწისქვეშ გაიყვანენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები უკვე დაიწყო.
​როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,  თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის და აფერხებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
“პროექტი იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდი სივრცე გამოთავისუფლდება და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი. იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტულ გზებს გავაფართოებთ, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კომპანია „თელასს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება.

 

მსგავსი თემები