„კატალიზატორების“ დაქირავება – თაღლითობა ტექდათვალიერების პროცესში – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“სტატისტიკის არარსებობის გამო ვერ იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულება შერჩევითია და არასამართლიანი,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მტავარში“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილის განმარტებით ხდება ერთი კონკრეტული კომპანიის პრივილეგირება, რომელიც მისივე ინფორმაციით მოსახლეობას დანახარჯის ნაწილში აზარალებს:   

„არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა.ელექტრონული პროგრამა ფუნქციურად არ არის დატვირთული გამოწვევების შესაბამისად, არ ხდება სტატისტიკური მონაცემების წარმოება-დამუშავება, პრივილეგირებულია ერთი კომპანია. მთიანი რაიონების მოსახლეობა კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მიერ მიტოვებულია მომსახურების გარეშე, რომელიც არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ეს უკანასკნელიც არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტზე. მთიანი რაიონების მოსახლეობას ორჯერ და სამჯერ მეტი ხარჯის გაწევა უხდება ავტომობილების ინსპექტირებისთვის,“ – აღნიშნა მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

დავით მესხიშვილის ინფორმაციით სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ არანაირი მექანიზმი ებრძოლონ ისეთ მანიპულაციებს, როგორიცაა „კატალიზატორის“ დაქირავების დროს ერთი თვით ადრე კარგი საწვავით სარგებლობა, შემდეგ კი ისევ უხარისხო საწვავზე გადასვლა.

„მომხმარებლები ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების წინ მიმართავენ მანიპულაციებს, კერძოდ, „კატალიზატორის“ დაქირავება, ე.წ. „დონორი“ ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობა, რომლის ნაწილებითაც სარგებლობენ ინსპექტირების დროს, ინსპექტირებამდე ერთი თვით ადრე კარგი ხარისხის საწვავით სარგებლობა, ხოლო ინსპექტირების შემდეგ კვლავ უხარისხო საწვავის გამოყენება. დიზელისძრავიან ავტოტრანსპორტში ინსპექტირებისთვის ბენზინის საწვავის დამატება შეფერილი კვამლიანობის გაქრობის მიზნით და სხვა მრავალი, მაშინ, როდესაც ევროდირექტივის მთავარი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება გზებზე, სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვთ არანაირი მექანიზმი ებრძოლონ ამდაგვარ მანიპულაციებს:

საქართველოში ავტომობილის დიაგნოსტიკა არ მიმდინარეობს OBD წესით, რომლის გამოყენება გაამარტივებდა ინსპექტირების პროცესს და მოგვცემდა მეტი სიზუსტის გარანტიას. OBD (On-Board Diagnostic) არის სტანდარტიზებული სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას მოწყობილობა დაუკავშიროს ავტომობილის კომპიუტერულ სისტემას, ასევე ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს არა ქარხანა მწარმოებლის მიერ დადგენილი, არამედ უნიფიცირებული პარამეტრით, ინსპექტორებს არ აქვთ ელექტრონული (პროგრამული) წვდომა ქარხანა-დამამზადებლებთან. აღნიშნული პრობლემა ხშირად ხდება არაერთგვაროვანი ინსპექტირების საფუძველი.“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები