„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი“ – არჩილ კაიკაციშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი არ ჩანს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

კაიკაციშვილი ჩეხეთის მოქალაქის საქმესათან დაკავშირებით ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ადვოკატი თვლის, რომ  მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი.

„ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა ობიექტური შესაძლებლობა მისულიყო დასკვნამდე, შეეფასებინა წარდგენილი საბუთის სიყალბე და მტკიცებულებიდან ამოერიცხა.

ამჟამად, მართლმსაჯულების ინტერესების, მისდამი საზოგადოებრივი ნდობისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, ვინაიდან გამოძიებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მოთხოვნაზე ყველა მიმართვა გამოხმაურების გარეშე რჩება. მეტიც, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გამოკითხული არ არის, არც ოლივია ანტონი და არც მისი წარმომადგენელი, ვინაიდან გამოირიცხოს ან დადასტურდეს ადვოკატის მტკიცებულებების წინასწარი შეფასების პროცესში კეთილსინდისიერების საკითხი,“ – განაცხადა კაიკაციშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე ჩეხი ბიზნესმენი, პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი – არ ჩანს.

„ეს შეშფოთება მით უფრო მზარდია, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია, არ ემსახურება განმცხადებლის სრული ინფორმირების სტანდარტს. პრჟემისლ ანტონის ოჯახი ელოდება საქმეზე სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას და რაც მთავარია – შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რაც წარდგენილი მტკცებულებების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, უნდა მომზადდეს,“ – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს: „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის უწყებაც შესანიშნავად მუშაობს არასრულწლოვანთა რეფორმის პროცესში, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი, რომლიც, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოების წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, წარდგენილია უტყუარი მტკიცებულებები და არც ერთ დავაზე, კანონის გასაკვირადაც, შედეგი არ ჩანს. ბუნებრივია, ასეთ დროს კონკრეტული საქმის მწარმოებელი ჩინოსანის პასუხისმგებლობაა, გამოირიცხოს ეჭვები, კავშირები, სისტემის შიგნით შესაძლო მფარველები და საქმეზე დადგეს ჭეშმარიტება“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება


მსგავსი თემები