„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ“ – ირაკლი კობახიძე

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ. ასეთი მოწოდებები ჩვენ გვესმოდა ორი თვის წინაც, ივნისში, როდესაც მისაღები იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, იქ ჩანდა, რომ ამ საბაბით მათ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და ახლაც მოგვიწოდებენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს არჩევნები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე  განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.  მისი შეფასებით, აქ კარგად ჩანს, „ის თუ რის ეშინია ყველაზე მეტად რადიკალურ ოპოზიციას, – ეს არის კარს მომდგარი არჩევნები“. პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგის შესახებ და არჩევნების მიმართ შიში აქვს.

„მათ იციან საკუთარი რეიტინგი, სამპროცენტიანი რეიტინგი და ბუნებრივია, სამპროცენტიან პარტიას აქვს შიში არჩევნების მიმართ, მაგრამ ამ შიშიდან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოვაცხადებთ. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი დღეს არ არის“,- განაცხადა დეპუტატმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველანაირი ეპიდემიის დროს არ ცხადდება და ის საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ეპიდემიასთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი ვითარება არ არის და პანდემიასთან ჩვეულებრივი კანონითა და მაქსიმალურად რბილი ზომებით შესაძლებელია ბრძოლა.

„ეს კანონი არის აბსოლუტურად რაციონალური, ატარებს მაქსიმალურად რბილ ზომებს, იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვებით საბოლოოდ დავამარცხოთ პანდემია, შესაბამისად, მე, პირადად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები