პრეზიდენტის თანამდებობის ოპოზიციისთვის დათმობა ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე  ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით,  სწორ პოზიციად აფასებს, თუმცა, მიაჩნია, რომ ოპოზიციისთვის ამ თანამდებობის დათმობა საქართველოსთვის რისკის შემცველი იქნება. კერძოდ, რისკები მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საქართველოს კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია. რაც შეეხება ოპოზიციისთვის ამ თანამდებობის დათმობას,  ეს მაღალი დემოკრატიის მანიშნებელია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დღეს ამის გაკეთება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები ქვეყნის სტაბილურობას ეხება.

“როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა განცხადა, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს. ეს ყველამ კარგად ვიცით. დღეს ოპოზიციური აზრი გამოიხატება მხოლოდ ლანძღვა-გინებით და არა აკადემიური კრიტიკით ან კონკრეტულის შემოთავაზებით. ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია  ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა სიძულვილის ენით მოსაუბრე ოპოზიციას დავუთმოთ?  ვფიქრობ, ამით საფრთხის წინაშე ვაყენებთ სახელმწიფოს სტაბილურობას.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, საქართველოში როგორც ეკონომიკა, ასევე პოლიტიკური ისტებლიშმენტი ღარიბიაო,  რაშიც სრულიად ვეთანხმები.  ამ პირობებში რამდენად გამართლებული იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ქმედება, როდესაც მოცემულობა ხელს არ გიწყობს?  ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში  ნებისმიერი პოლიტიკოსი, განურჩევლად პოზიციისა,  სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს. მაღალი დონის პოლიტიკის წარმოებას მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა სჭირდება, რაც დღეს ნამდვილად დეფიციტია ქვეყანაში“, – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები