პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა 1-ლ აგვისტომდე გახანგრძლივდა

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილების შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კომპენსაცია 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო.

“მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, შემდგომშიც გავაგრძელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება ვადის გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები