ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ხვალ, დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

გორგოძე კიდევ ერთხელ განმარტავს უსაფრთხოების წესებს, რომლის დაცვაც საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იქნება.

„აბიტურიენტები უნდა მობრძანდნენ პირბადით. თუ არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ. გაივლიან თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, ჩავურთავთ კონდიციონერს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაიკეთონ პირბადე. აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ პირადობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში შეუძლიათ შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავგელიანი კალამი. სექტორში მერხებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის მინიმუმ ერთი მეტრი. 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში, აბიტურიენტებს გადაუმოწმდებათ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით და ამის შემდეგ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ აბიტურიენტის შესვლა სექტორში დაუშვებელია, ამ შემთხვევაში მას მიეცემა რეკომენდაცია, რომ ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი. გამოცდები საკმაოდ ხანგრძლივია, შესაბამისად, კიდევ გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა არ გვექნება“,- განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

მსგავსი თემები