“ყველაფერს ოკუპაციას ნუ დავაბრალებთ, ვინმე გიშლით ხელს იმაში, რომ სასამართლო ნორმალური იყოს?” – ბექა ნაცვლიშვილი

თქვენ საუბრობდით ოკუპაციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემას შეეხეთ, მაგრამ ერთი ხელით, თქვენ ამბობთ, რომ ოკუპაცია არის განვითარების შემაფერხებელი და მერე ამბობთ, რომ თუ ოკუპაცია არ დასრულდება, განვითარება არ იქნება. ეს როგორ გავიგოთ? „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა იყო ზუსტად ასეთი: თავიანთი ნეოლიბერალური რეფორმებით რომ გაიჭედნენ სადღაც, მერე ამბობდნენ, რომ ოკუპაციაა და ახლა ჩვენ ვერ განვვითარდებით, განათლების რეფორმას ვერ გავატარებთ, ჯანდაცვის რეფორმას ვერ გავატარებთ, დასაქმება არ იქნება. რას ნიშნავს ეს? – ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

„ვინმე გიშლით ხელს იმაში, რომ სასამართლო ნორმალური იყოს, რომ მინიმალური ხელფასი არსებობდეს, ბანკებს რომ ამდენ ფულს არ ჩუქნიდეთ, ოკუპაცია გიშლით ამაში ხელს? ამიტომ, ყველაფერს ოკუპაციას ნუ დავაბრალებთ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ისეთი რაღაც თქვით, რომ ყველა კითხვის დასხმის სურვილი გამიქრა. როგორ შეიძლება თქვათ, რომ ჯანდაცვა არის ბიზნესი? თქვენ სისტყვა-სიტყვით ასე თქვით. ჯანდაცვა კბილის ჩოთქი ხომ არაა, რომ ადამიანს ახალი დასჭირდეს ან არ დასჭირდეს? ეს მის სიცოცხლეს უკავშირდება, ეს არაა ბიზნესი, ხალხო. ეს არაა კომერციული პროდუქტი, ესაა საჯარო სიკეთე, სადაც არც ერთი ადამიანის გამორჩევა არ შეიძლება. ამიტომ, ეს ბიზნესი ვერ იქნება. რამდენი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესმენი თუ სენატორი წარბს აწევს, იმდენჯერ როგორ შეგიძლიათ გადაწყვეტილება შეცვალოთ? იმ ხალხს რატომ არ ეკითხებით, ვინც თქვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოიყენეთ, გააგრძელებენ თუ არა იქ მუშაობას, თუ „ფრონტერა“ დაბრუნდება? რატომ არ ეკითხებით. თქვენ ხომ არ ხართ „ფრონტერას“ პრემიერ-მინისტრი? თქვენ ხართ იმ ხალხის პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

მსგავსი თემები