“ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აქტიურად გრძელდება და ღრმავდება” – გიორგი გახარია

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი, გრძელდება და აქტიურად ღრმავდება, – ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ხვალინდელ დღეს სწორედ ეს მიმართულება განსაზღვრავს, რაც თბილისის ბრიუსელთან ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო დაახლოებას უნდა ნიშნავდეს.

„მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობის გაღრმავება, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით და ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის: განათლების მიმართულება, ტრანსპორტის მიმართულება, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ევროკავშირთან უკვე არსებულ თანამშრომლობას ახალი სფეროებიც უნდა დაემატოს.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კავშირგაბმულობის ყველა სფეროს გაღრმავება და აქ უაღრესად ეფექტიანად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები