“მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია” – სამოქალაქო აქტივისტი გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმზე

“ცოტა ხნის წინ ჩემს ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და მე არც მორალური და არც მოქალაქეობრივი ვალდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, არ გავხადო ეს საჯარო”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

“2 საათის წინ დაწერილი პოსტის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი ბიჭის, გიორგი შაქარაშვილის, ჯერ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ეხებოდა, დაახლოებით 40-45 წუთში როგორც აღვნიშნე, შემოვიდა სატელეფონო ზარი, რა დროსაც მიხსნიდნენ, რომ მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და მედიის მხრიდან მე შეცდომაში ვარ შეყვანილი და მთხოვდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არ მომეთხოვა საქმის გამოძიება. გვარსა და სახელს არ დავასახელებ, არც ნომერს და ახლავე მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია ამის თაობაზე. კარგად მესმის ამ ზარის შინაარსი და კონტექსტი, რადგან ეს არის საქმის მიჩქმალვის უსუსური მცდელობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამ წუთიდან მზად ვარ, სადაც დამიბარებენ საგამოძიებო უწყებები, მივიდე და ყველა შეკითხვას გავცე პასუხი, ამ სატელოფონო საუბართან დაკავშირებით.”, – წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიშა კაჭკაჭიშვილმა შემდეგი სახის წერილი გაავრცელა:

“მოკლედ, უკვე 7 დღე გავიდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბიჭი გაუჩინარდა და მესამე დღეა, რაც მისი ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გამოყენებული იყო რკინის ბლაგვი საგანი, დამტკიცებულია, რომ თბილისიდან ჩასულები იყვნენ 2 ავტომობილით რაგბისტები, კონფლიქტის ვითომდა მოსაგვარებლად და ამ ყველაფრის შემდეგ დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა. არასრულწლოვანი იქ მყოფი პირებიდან, როგორც ცნობილია, არავინ იყო და გამოძიება სავარაუდოდ ხელს აფარებს, ან ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ არ არიან ამ დრომდე დაკავებული ეჭვმიტანილი პირები, თუ საერთოდ ეჭვმიტანილები არსებობენ ამ საქმის ირგვლივ. ხორავას საქმის მყისიერმა არგამოძიებამ ფაქტების და მტკიცებულებების გაქრობა გამოიწვია. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი, მუშაობს მტკიცებულებების გაქრობის სასარგებლოდ, ან მიზანმიმართულად, ან უცოდინრობით. და ბოლოს, ან თავიდან ბოლომდე მოხდება ამ საქმის ობიექტურად, სწრაფად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, ან ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მას არ გააჩნია უნარი მსგავსი საქმეების გამოძიების და წავიდეს სახლში. ამ საქმის გამოძიებას მთელი საზოგადოება ველოდებით და არავინ იფიქროს, ვინმე რამეს გაატარებს. ჩვენ მსგავსი ფილმები ნანახი გვაქვს და კვლავ არ ვაპირებთ იგივეს ნახვას. როგორც ბატონ გახარიას უყვარს, წერტილი!”

მსგავსი თემები