“ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა” – ადვოკატი ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი წუხელ, 3-ის ნახევარზე გაიჩხრიკა. ამოიღეს ლეპტოპები, რომლებიც დაილუქა და გადაიტანეს საგამოძიებო ორგანოში”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

ადვოკატი განმარტავს, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, ვინაიდან მისი თქმით, ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

“რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, როცა 4-5 დღის უკან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის სამმართველოში დაიკითხნენ? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. რა ინფორმაციაც გაგვაჩნდა, საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდეთ. ყველა მხარეს მოვუწოდებ, ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლისგან თავი შეიკავოს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი და არც მეორე, არც გარდაცვლილს იცნობდა და არც იმას, ვისი დაბადების დღეც იყო. უბრალოდ, ვიდეოსათვალთვალო კამერებმა იმ პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანების გადაადგილება დააფიქსირეს. გამომძიებელს მათთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მივაწოდეთ. ისინი “მერსედესის” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ოღონდ ეს ის მანქანები არ არის, რომელზეც კითხვები ისმება, ისინი გამოძიებას ამოღებული აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანებიდან მხოლოდ ანაწმენდები იქნა აღებული”, – განაცხადა ღურწკაიამ.

მსგავსი თემები