პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ადგილები ცარიელია

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს. ოპოზიციის ადგილები პარლამენტში ცარიელია, თუმცა, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის გარეშეც უპრობლემოდ დამტკიცდება.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერის გარეშეც, საკონსტიტუციო პროექტი საკმარის ხმებს მოაგროვებს, იმისათვის, რომ არ ჩავარდეს.

“დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს მის მესამე მოსმენისთვის მომზადებას ისე, რომ საკმარისი ხმები იქნება. ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, განსაკუთრებით ევროპულ საქართველოს, რომ გადამრჩენის როლში ყოფილიყო, თითქოს ხმები არ იყო საკმარისი და მათი დარბაზში ყოფნით გადარჩენოდა ეს კანონპროექტი და ეს ასე არ აღმოჩნდა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები