“შეთანხმება  და მერე გადაგდება ჩვეულებრივი ამბავია” – იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, მაჟორიტარებზე შეთანხმება დაირღვეს

“ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს არა იმაზე, ვინ გახდება პარლამენტის წევრი, არამედ როგორი იქნება საქართველო თუ შემოდგომის შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა და არ გამორიცხა, რომ ოპოზიციის შეთანხმება, ერთმანეთს მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუპირისპირონ, დაირღვეს.  

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რამდენად შესაძლებელია ოპოზიციური შეთანხმების დაცვა, რომ ერთმანეთს კანდიდატები არ დაუპირისპირონ, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასე უპასუხა:

„შესაძლებელია შეთანხმება, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შესრულდება არჩევნებზე დადებული პირობები. კრიტიკული ადამიანი ვარ, მათ შორის ჩემი კოლეგების მიმართ ოპოზიციაში, მარტივად არ ვენდობი ადამიანებს პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში რაღაცის თქმა და შემდეგ გადათქმა ჩვეულებრივი ამბავია.”

მან ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც „გირჩს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება

„მთავარი მიზეზი ისაა, რომ როდესაც მიმდინარეობდა შეთანხმებები მაჟორიტარებზე, ჩვენ გვქონდა სხვა პრიორიტეტები. ჩვენთვის მთავარია კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და რის გამოც ჩვენ ვართ პოლიტიკაში. მაგალითად ჩემი კანდიდატურის წამოყენებაზე მეტად, მე მირჩევნია შევთანხმდეთ საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს – საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა. ამიტომ, ორი არჩევანიდან, ოპოზიცია შევითანხმო საერთო კანდიდატურაზე თუ ისინი, როცა პარლამენტში შევლენ დაუჭერენ საბჭოთა სისტემის დაშლას, მე ობიექტურად ვირჩევ მეორეს” – განაცხადა ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში”.

ხვიჩიამ ასევე ისაუბრა შეთანხმების შესაძლო დარღვევაზე და აღნიშნა რომ დაზღვეული არავინ და არაფერი არ არის. მისივე თქმით,  შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მატყუარა პოლიტიკოსების გამოაშკარავება.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები