სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საქართველოში 1500 ბავშვს გამოიკვლევენ 

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელ თაკო უგულავას განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საქართველოში სექტემბრიდან 2-დან 10 წლამდე ასაკის, 1500 ბავშვს ჩაუტარდება კვლევა. გაეროს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევლენ 14 000 ოჯახში და ოჯახის ირგვლივ არსებულ ყველა ფაქტორებს შეისწავლიან, მათ შორის ბავშვის და დედის მდგომარეობას, დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობას, ბავშვის ჯანმრთელობას, ექიმს როგორ მიმართავენ, აქვს თუ არა ბავშვს სახლში სათამაშო და სხვა. კითხვარის გარდა, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გაზომვა – აწონვა  განხორციელდება, რის მიხედვითაც დადგინდება ნუტრიციული დეფიციტი.

​როგორც თაკო უგულავამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის წყარო შესაძლოა იყოს წყალი, რომელიც მოედინება მოძველებული წყლის მილებიდან, სამშენებლოს მასალა, სათამაშო, საღებავი და სხვა. ​იუნისეფის პროგრამის ფარგლებში მსგავსი კვლევა საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, წელს მთავრობის თხოვნით, კვლევას ემატება ტყვიის კომპონენტი.

” გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დროს დაგროვდა გარკვეული ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ სანელებლებში აღმოჩენილი იყო ტყვიის მაღალი დონე. სხვადასხვა კლინიკებში ჩატარდა მცირემასშტაბიანი კვლევები, სადაც ბავშვების სისხლში გამოვლინდა ტყვიის მომატებული ოდენობა. ეს ყველაფერი გახდა საფუძველი იმისა, რომ დაგვეწყო მასშტაბური შესწავლა. ეს ბავშვები კლინიკაში თვითდინებით მოდიან და შემთხვევითი ტესტირების დროს მათ სისხლში ტყვიაც აღმოაჩნდათ. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ მოგვმართა თხოვნით, დაგვეწყო შესწავლა, რათა ამ მიმართულებით მივიღოთ  სარწმუნო შედეგი”, – თაკო უგულავამ.

მისივე თქმით, სისხლში ​ტყვიის შემცველობის პრობლება, ბოლო ხანებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადგა დღის წესრიგში. წყაროს დადგენის სხვადასხვა გზები არსებობს. ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ბენზინიდან, საღებავიდან, სათამაშოდან, საკვებიდან. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პრობლემა სამშენებლო საღებავშია ან სათამაშოში, მთავრობამ უნდა დაიწყოს ფიქრი გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე.

​ერთადერთი რეგულაცია, რომელიც მკაცრად არის შემოსული, არის ბენზინთან დაკავშირებული რეგულაცია. კანონით ქვეყანაში არ შემოდის ტყვიის შემცველი ბენზინი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ უნდა გვქონდეს და დავიწყოთ მუშაობა საღებავთან დაკავშირებით. აქ რეგულაციები უნდა დაწესდეს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით და ყველა სათამაშო, რომელიც ტყვიის შემცველი პიგმენტით არის შეფერილი ამოღებულ იქნას ხმარებიდან. სათამაშროებზე ჯერჯერობით საქართველოში რეგულაცია არ არსებობს”, – განმარტავს გაეროს ექსპერტი.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, რაც ბოლო წლებში გახმაურდა, იყო ნიგერიის მაგალითი, სადაც სისხლში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის გამო 400 ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა უკავშირებოდა ოქროს საბადოს. ოქროსმომპოვებლებს სახლში მიჰქონდათ საბადოდან ნაწილები, რომლებსაც კუსტარულად ამუშავებდნენ. შედეგად დაავადდნენ იმ ოჯახის წევრი ბავშვები.

თაკო უგულავას თქმით, მსოფლიო გამოცდილების თვალსაზრისით, სხვა შემთხვევების დაფიქსირდა რკინის საბადოსთან დაკავშირებით. არის ერთჯერადი აფეთქების სახით აზიის ქვეყნები, სადაც ხორციელდება აკუმულატორების გადამუშავება და გადამუშავების პროცესში დაავადდა იქ მომუშავე პერსონალი.

“იყო ამერიკის შემთხვევა, სადაც წყალი იყო დაბინძურებული ტყვიით, არის საფრანგეთის შემთხვევა, სადაც სერიოზული პრობლემა დადგა სამშენებლო მასალასთან და საღებავებთან დაკავშირებით. ასევე წყლის მილებთან, თუ სახლი ძველი გარემონტებულია, შესაძლებელია ძველი მილები იყოს ტყვიის შემცველი და ამ მილებში მოედინება წყალი, ეს გახდეს ტოქსიკაციის მიზეზი”, – აცხადებს თაკო უგულავა.

მსგავსი თემები