ახალ ზელანდიაში მოქალაქემ პოლიციელი მოკლა

ახალ ზელანდიაში მოქალაქემ რუტინული შემოწმებისას ორ პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაიჭრა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. მანქანით გაქცევის დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა.

ორივე პოლიციელი შეუიარაღებელი იყო, რადგან ახალ ზელანდიაში პატრულირებისას პოლიციელებს იარაღი თან არ აქვთ. ახალ ზელანდიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიციელი საკუთარი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს.

ინციდენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი გამოეხმაურა.

„დავკარგეთ პოლიციელი, რომელიც ყოველ ჩვენგანს ემსახურებოდა, თუმცა ზოგისთვის ის ასევე იყო ოჯახის წევრი და მეგობარი“, – განაცხადა არდერნმა.

მსგავსი თემები