ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ჩამოსული ტურისტები

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა.

„პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ამ ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.

მსგავსი თემები