“ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას” – სალომე ზურაბიშვილი

“ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე,​ „რუსეთი არაფერ შუაშია?“, პრეზიდენტმა უპასუხა:

„ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი.

მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, ვიდრე არ იქნება დამთავრებული გამოძიება. რაშიც უნდა იყოს ჩართული ყველა და თუ საჭირო არის, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

მსგავსი თემები