“სუს-მა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა და მოქალაქეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა და მოქალაქეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.

„არ შეიძლება, ამ მძიმე დანაშაულის მიზანი მიმართული ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც იმას ისახავდა, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამის ერთ-ერთი „შემოქმედი“ რუსეთია. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სხვაა, ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მგონი ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე საუბარი არსაითკენ არ მიმყავს. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია შეიძლება მეც არ მქონდეს, მაგრამ ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორე მხარეა – ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა. ეს ინტერესების თანხვედრა შემთხვევითი არ არის, უბრალოდ ინტერესების დამთხვევაა თუ რა არის, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, როცა დესტრუქციულ ძალებს ახსენებს იგულისხმება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, მამუკა მდინარაძე აცხადებს: „რატომ მკითხეთ, მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“? ვთქვი, რომ ეს ასევე შედიოდა მათ ინტერესებში, ვისაც აწყობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, ქაოსი და არეულობა. თქვენ კი უმალვე დამიბრუნეთ კითხვა, მივანიშნებ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა მე მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ მივანიშნებ“.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები