“შეგვიძლია, სომხეთს ტესტირებაში დავეხმაროთ, დღეში 500-დან 1000 „პისიარ“ ტესტამდე ჩავუტაროთ ან დაახლოებით 10 ათასი ვაჩუქოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები გაირკვევა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით შემიძლია გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. დღიურად 500-დან 1000 „პისიარ“ ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ სომხეთს.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვიძლია ან ტესტირება ჩავატაროთ 500-დან 1000-მდე, თუ ნიმუშები გვექნება, იცით, რომ ოთხი საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ დაახლოებით, 10 ათასი „პისიარ“ ტესტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მარტო გაუმკლავდეს.

მისივე თქმით, საქართველო მეზობელი სომხეთის დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა.

მსგავსი თემები