რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს სავარაუდოდ 15 ივნისიდან დაუბრუნდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აქედან ორი სავარაუდოდ 15 ივნისამდე დატოვებს კლინიკას. მისი ვარაუდით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 15 ივნისიდან დაუბრუნდება, ამოქმედდება ემერჯენსი და ამბულატორია. გოფოძის თქმით, ამის საშუალებას იძლევა ის გარემოება, რომ კორონავირუსით გამოჯანმრთელებულების რიცხვმა დაავადებულებისას გადააჭარბა.

„ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს ის გარემოება, რომ თანდათანობით ჩვენთან გამოჯანმრთელებულების რიცხვმა ბევრად გადააჭარბა უკვე დაავადებულების რიცხვს. სულ სამი პაციენტი დაგვრჩა. ვფიქრობთ, რომ აქედან კიდევ ორი 15 ივნისამდე დატოვებს ჩვენ კლინიკას. ერთი პაციენტი შეიძლება დარჩეს, მაგრამ იგი სრულად იქნება იზოლირებული ბოქსში, არავითარი სივრცის კვეთა მასთან არ მოხდება. ახლა უკვე დაიწყო ჩვენთან დასუფთავება, დალაგება, დეზინფიცირების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ვიდრე სრულად არ დასრულდება, კლინიკას არ გავხსნით. თუმცაღა, ვფიქრობთ, რომ დარჩენილი კვირის დღეებში ამას მოვასწრებთ და ორშაბათს მზად ვიქნებით, მივიღოთ პაციენტები.

ჩვეულ რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ჩვენთან ცხელებიანი პაციენტები ისევ მოვლენ და მათთვის ცალკე სივრცე იქნება, რათა მოხდეს მათზე დაკვირვება, „პისიარ“ დიაგნოსტირება, თუკი ეს საჭირო იქნება და შემდგომში, უკვე კლინიკაში მათი განთავსება. თუ ვინმეს „კოვიდი“ დაუდასტურდა, მაშინ ისინი გადავლენ სხვაგან სამკურნალოდ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პაციენტები აღარ გვეყოლება, ცოტა ხანს „კოვიდი“ თავს დაგვანებებს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ ვერ ხერხდება მესამე პაციენტის გაწერა.

„ამ პაციენტს აქვს პნევმონია, იყო მართვით სუნთქვაზე, ახლა მისი მდგომარეობა უმჯობესდება. დღეს უკვე რაღაც პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა, საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი განიკურნა „კოვიდ“ ინფექციისგან და რაც მთავარია, ალაგდა პნევმონია. ამის შემდგომ, გავუშვებთ. რეტესტირების რეჟიმში იქნება ეს პაციენტი, სადღაც 15-16-სთვის რეტესტი მოუწევს და მერე თუ არ დადასტურდა, უკვე პნევმონიას ვუმკურნალებთ, როგორც ჩვეულებრივად პაციენტებში ვმკურნალობთ და მერე გავუშვებთ სახლში. ჩვენ გვინდა, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პაციენტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები