მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულ რვა პირს ჯარიმა დაეკისრა, ერთს კი, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე გუშინ დაკავებულ რვა პირს, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთის მიმართ კი, მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მინდია ლავასოღლის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ორშაბათს კი, ისინი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას გეგმავენ, რაზეც მსჯავრდებულის ექსტრადაციაზე იქნება საუბარი.

„პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ექსტრადიციის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება. მინდიას ადვოკატს დაუკავშირდნენ გენერალური პროკურატურიდან და ორშაბათს წავალთ შეხვედრაზე“, – ამბობს ირინა გორაძე.

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მეექვსე დღეა, აჭარის პროკურატურასთან აქციებს აწყობენ. 15-მდე ადამიანი შიმშილობს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადაციას ითხოვენ.

მსგავსი თემები