შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყოველთვის სწორი პოზიცია გვქონდა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის დახურვის თაობაზე პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პრინციპული და სწორი იყო. პარლამენტმა დღესვე უნდა დაიწყოს კონსულტაციები მთავრობასთან, რომ  მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს​.

პარლამენტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს.

“დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ არ მოგვცა სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლიბერტარიანული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს დაუპირისპირდა, მმართველი გუნდის მთავარი ღირებულებას ეწინააღმდეგება. მთავარი ღირებულება უნდა იყოს ადამიანი და ლიბერტარიანული მიდგომა სწორედ ამას უპირისპირდება, განსაკუთრებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში.

„ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში და ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს პოლიტიკას – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მსგავსი თემები