რაიონებში მოსახლეობის დაბრუნების გარეშე დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ – გურამ მაჭარაშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დეცენტრალიზაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვს. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დაამტკიცეს, მაჟორიტარმა პრემიერ-მინისტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და დეცენტრალიზაციის საკითხებს უკავშირდებოდა.

კერძოდ, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა თბილისი – ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც სამთავრობო პროგრამაში ტურიზმის განვითარება ერთ – ერთი პრიორიტეტად სახელდება. აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ საერთაშორისო გადაზიდვებს.

​დეპუტატი დაინტერესდა, კონკრეტულად, როდის იგეგმება აღნიშნული გზის მშენებლობა.

ასევე, გურამ მაჭარაშვილის კითხვა შეეხებოდა რეგიონული განვითარების პოლიტიკას. ​მისი თქმით, ჩატარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური დიალოგის მეორე ფორუმი, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის გაღრმავება.

“მიმაჩნია, რომ თუ არ ვიზრუნეთ ადგილობრივი საკადრო რესურსის მოტივაციის ზრდასა და გადამზადებაზე, ასევე, რაიონებიდან გასული ადამიანების დაბრუნებაზე, დასახულ მიზნებს სწრაფად ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატის კითხვის მესამე ნაწილი კი ჯანდაცვის პოლიტიკის დეცენტრალიზაციას შეეხო. მაჭარაშვილის მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლება ჩართული იყოს სოციალური დახმარების გაცემის საკითხში.  მან პრემიერს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვისა და გეგმების დაფიქსირება სთხოვა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ თბილისი – ბაკურციხის გზასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოები დაწყებულია, რომელიც მალე დასრულდება და აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.

რაც შეეხება რეგიონულ განვითარებას, პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე, რომელიც  გულისხმობს ფისკალურ დეცენტრალიზაციას. ეს კი სწორედ იმ გამოწვევების პასუხი იქნება, რის შესახებაც ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი საუბრობდა.

სოციალურ მიმართულებას რაც შეეხება, მამუკა ბახტაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაევალა  სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით გაატაროს რეფორმა.

“თბილისიდან ნაკლებად ჩანს რა არის პრიორიტეტი, ვინ საჭიროებს მყისიერ დახმარებას და რა მდგომარეობაა ადგილზე. ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, ვფიქრობ, სწრაფად გაიზრდება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკის ეფექტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები