“მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას” – გელა კვაშილავა გაეროს რეკომენდაციებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და ქვეყნის ახალ მთავრობას ამ მიმართულებით გაეროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გელა კვაშვილავამ განაცხადა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ნებისმიერი გზა უსაფრთხოებაზე, რადგან მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ ნიშნავს მის უსაფრთხოებას; სავალდებულო უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოების პროექტების დაფინანსება, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კანონის აღსრულების თვალსაზრისით, რაც გაეროს ექსპერტების საქართველოში ორწლიანი მუშაობის შედეგად მიღებული რეკომენდაციების ნაწილია.

გელა კვაშილავას ინფორმაციით, უპირველესი, რასაც გაერო ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას არის საგზაო უსაფრთხოების საკითხი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, რადგან დღეს არსებული მექანიზმების მიხედვით, ადგილობრივ გზებზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი, მაგრამ შეზღუდულია ფინანსურად და ადამიანური რესურებით.
​მეორე – მონაცემების შეგროვება და ანალიზის გაუმჯობესება; ​მესამე – შიდასახელმწიფოებრივი, ადგილობრივი და საერთაშორისო გზებზე სიჩქარის მენეჯმენტის გაუმჯობესება; მეოთხე – კანონმდებლობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს პირველ რიგში ავტომობილის სალონში საბავშვო სავარძლების გამოყენებას, უკანა სავარძლებზე ღვედის გაკეთებას, მძღოლის ნასვამობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას, რაც დღეის მდგომარეობით არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას.

“ახალი პრემიერისგან ველოდებით, რომ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოახდენს სამოქმედო გეგმის ადაპტირებას და შემუშავდება კონკრეტული ინდიკატორები, კონკრეტული მექანიზმები. აუცილებლად უნდა შემოწმდეს ნებისმიერი გზა უსაფრთხოებაზე, ჩვენ არა მარტო მშენებლობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ გზებზე უსაფრთხოების შეფასებასაც. ​ახალი შემოვლითი გზა გაკეთდა და იქაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ყველა გზაზე, უნდა იყოს სტანდარტი უსაფრთხოების დაცვა. გაეროს ექსპერტების ​მთავარი რეკომენდაციაა საგზაო უსაფრთხოების პროექტების უფრო აქტიურად დაფინანსება, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე დაფინანსება არის ძალიან მწირი, ეს დღეს არის დამოკიდებული  გზების დეპარტამენტის კეთილ ნებაზე”, – აცხადებს გელა კვაშილავა.

მისივე თქმით, გაეროს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, ასევე, მონაცემების შეგროვება და ანალიზის გაუმჯობესება, რადგან დღეს, ფაქტობრივად ჩვენთვის უცნობია ქვეყნის გზებზე აღრიცხული ავტოსაგზაო შემთხვევების 20 % რა მიზეზით ხდება – სიჩქარის გადაჭარბების, გაუმართავი ინფრასტრუქტურისა, მძღოლის ნასვამობის თუ სხვა მიზეზთა გამო. “ამ მიზეზების დადგენა მოგვცემს საშუალებას უფრო ქმედითი და ეფექტიანი რეაგირება მოვახდინოთ”, – მიაჩნია კვაშილავას.

 

მსგავსი თემები