22 მაისამდე სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა – მთავრობის ანგარიში

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისისთვის სახელმწიფომ სამშობლოში 12 720 საქართველოს მოქალაქე დააბრუნა.

„მათ შორის საჰაერო გზით – 7 107, სახმელეთო გზით – 5 223 და საზღვაო გზით – 390 ადამიანი. დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 – შშმ პირი, 259 – ხანდაზმული, 102 – ორსული, 435 – მცირეწლოვანი, 173 – ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 – ტრანზიტული მგზავრი, 29 – მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე – 3 517 მოქალაქე)“,- ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელდა სპეცრეისი, რომელითაც სამშობლოში დაბრუნდა 79 ქართველი მოსწავლე და სტუდენტი, ასევე  სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვი.

„გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ – 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის – 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები