18 ბოლნისიდან, 4 – კარანტინიდან,  4 თბილისიდან – „კორონავირუსის“ 26 ახალი შემთხვევა

„შემოგვემატა 26 ახალი შემთხვევა.  აქედან 18 არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი, 4 – საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 – ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან“ – ეს განცხადება მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.   

ინფექციონისტის ინფორმაციით, კვლევა არ დასრულებულა და ყველა იმ ადამიანის შესწავლა მიმდინარეობს, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა.

„სოფელ მუშევანში კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევის დროს დადასტურებული შემთხვევის დროს პაციენტების იზოლაცია და სტაციონარში მოთავსება ხდება, მაგრამ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, მეთოთხმეტე დღისთვის, კვლავ დაიტესტონ ისინი და ასეთი პაციენტები შემოგვემატნენ, როდესაც ბოლნისის წყაროდან მატებაზეა საუბარი. 10-14 დღის განმავლობაში, ერთ-ორი დღე მომატებული ციფრი გვაქვს და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია, ყოველი მეთოთხმეტე დღე ასეთი აღარ გვექნება და მუშევანში შემთხვევები დასრულდება“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან სხვა შემთხვევებზეც ისუბრა და განმარტა, რომ  დანარჩენი 8 შემთხვევა თბილისიდანაა: „დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საბურთალოს ახალი კლასტერი ნუცუბიძეზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაა.

მსგავსი თემები