„იმედი მაქვს, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური“ – გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა.

„დღეს ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების ამოღებასა და დახარჯვას. აღარ მინდა ამ საპენსიო ფონდზე და რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის მოხუცებულობაში ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ.

გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე 14 პროცენტიანი დეფიციტის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და მარტივად, ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის თვიდან ვერ გაიცემა პენსიები, ხელფასები, პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, შეწყდება მიმდინარე ოპერაციები, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დგება კოლაფსის წინაშე და ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს არის ქვეყანაზე ზრუნვის, გადასახედებზე ზრუნვის, მეწარმეებზე ზრუნვის, ბავშვებზე ზრუნვის, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვის და ა.შ.“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, მოქალაქეების მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და უფრო კომპეტენტური.

„ის, რაც დღეს აქ ხდებოდა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმის მაგივრად, რომ ობიექტური, შინარსობრივი ოპონირება გაგიწიონ, უბრალოდ იქცევიან, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით და ა.შ. ამას ყველაფერს შემდეგ ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი ექვსი თვე მუშაობა.

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები