უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ. პლენუმის სხდომა ამ წუთებში იმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ვასილ როინიშვილია, მისი განცხადებით, არჩევის შემთხვევაში, შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში.

„რაც შეეხება მოტივაციას, მოგეხსენებათ, როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება – ხელისუფლების დანაწილების თეორიის გათვალისწინებით. კერძოდ, თითოეული შტოდან 3-3 კანდიდატი არის დასაკომპლექტებად წარმოდგენილი. ჩვენი კვოტა, სამი მოსამართლე, გაჩნდა ახლა ამის საშუალება, რომ წარედგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად ჩვენ ავირჩიოთ.

მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთო სასამართლოების ხედვა, ის მიდგომები, რომლებიც უნდა იყოს ზოგადად გათვალისწინებული, მათ შორის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას, ძალიან მნიშვენელოვანია და წაადგება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას.

ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები. ყველა ხელისუფლების შტოს გააჩნია თავისი დაკომპლექტების წესი, მთავარია, კანდიდატურა, შერჩეული იქნეს ისეთი, რომელიც ასახავას დამნიშნავის პოზიციას, ამ შემთხვევაში პლენუმის პოზიციას. საზოგადოება ხომ არ ირჩევს ამ შემთხვებაში? მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვისაც ჰქონდა სურვილი, გაეგო კანდიდატურის შესახებ, ეს ჰქონდა.

პლენუმის წევრებმა, რა თქმა უნდა, იციან ჩემ შესახებ, აქ ვმუშაობ 10 წელია, ამ ხალხს ვიცნობ 10 წელია. საზოგადოებამ განსაჯოს – საქმენმა ჩვენმა წარმოგვაჩინონ ჩვენ. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ვიყავი კანდიდატი“,- განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილება ამოეწურა.

მსგავსი თემები