გომბორზე 40-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა – დავით მესხიშვილი გომბორის გზის ჩაკეტვას მოითხოვს 

​გომბორის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, საჭიროდ მიიჩნევს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე აიკრძალოს სატვირთოებისა და ავტობუსების მოძრაობა, ხოლო მიკროავტობუსებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

დავით მესხიშვილის აზრით, გომბორის გზა დროებით, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვამდე და საფრთხეების საფუძვლიანად შესწავლამდე უნდა ჩაიკეტოს. გზაზე მოეწყოს დამცავი ჯებირები, განთავსდეს უსაფრთხოების სარკეები და  დამონტაჟდეს კამერები იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები.

როგორც დავით მესხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გომბორის უღელტეხილზე ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს  ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, ან მძღოლის გამოუცდელობა. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შესაძლებელია ისეთი ავტომობილის პირისპირ აღმოჩნდეთ, რომელსაც საერთოდ აღარ უჭერს მუხრუჭი.

​იგი მოუწოდებს თანამოქალაქეებს ნუ გარისკავენ საკუთარი და სხვების სიცოცხლით, თავი შეიკავონ ამ გზით მგზავრობისგან და კახეთის გზატკეცილით ისარგებლონ.

“თუ ცოტათი მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით. ძირითადად, მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ მოკლე გზაა. სინამდვილეში კი, საწვავიც მეტი გეხარჯებათ ასეთ აღმართ-დაღმართიან გზაზე და დროც. ხშირად სატვირთოები მიბობღავენ (რა უნდა აქ საერთოდ სატვირთოს?!) და სხვები გასწრებას ცდილობენ. ასე რომ შეიძლება უბრალოდ ვერ აირიდოთ საპირისპირო მიმართულებიდან, თქვენ გზაზე უცაბედად გადმოსული ავტომობილი”, – წერს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, გზა ხშირად იმეწყრება, ნიაღვარმა გომბორის გზის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წაიღო.

“გომბორის გზაზე, ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის მცირეწლოვანი. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ. მე რომ მქონდეს უფლება: დროებით ჩავკეტავდი გომბორის გზას, საფუძვლიანად შევისწავლიდი. ვინაიდან მე ამის უფლება არ მაქვს და დიდად აქ არც არაფერი იცვლება, ამიტომ, ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ ამ გზით. ისარგებლეთ კახეთის გზატკეცილით!”, – წერს მესხიშვილი.

მსგავსი თემები