“დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლასა და შრომაში ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავდა და მათ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა:

„ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით და ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ქართული ჯარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია:

„დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები