მდინარე ნენსკრაძე პანელური ხიდი მოეწყო – მდინარის კალაპოტის შეცვლის სამუშაოები დაიგეგმა 

მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ადიდებულ მდინარე ნენსკრაზე პანელური ხიდის კონსტრუქცია მოეწყო. ხიდის საშუალებით მძიმე ტექნიკა მეორე მხარეს გადავიდა, შესაბამისად, მდინარის მარცხენა სანაპიროზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუმარტეს, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სპეციალისტების მიერ უკვე განისაზღვრა 5 ადგილი, სადაც მდინარის კალაპოტის შეცვლისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა,  რის გამოც, ვერ ხერხდებოდა მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდებოდა ტექნიკის მიყვანა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, ჭუბერის ხეობაში, ხოკრილის მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გამოიწვია მდინარე ნენსკრას კალაპოტის ჩახერგვა. დაგროვილი წყლის მასის გადმოსვლამ კი განაპირობა მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა. შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. განადგურებელია 6 საცხოვრებელი სახლი, არა ერთი დამხმარე ნაგებობა თუ ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია.

წაღებულია შიდა საავტომობილო გზები და ხიდი, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის 9 სოფელს აკავშირებს გარესამყაროსთან. წინასწარი შეფასებებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს.

მსგავსი თემები