“არის სამი ალტერნატივა, გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ კორონავირუსის გავრცელება ან მივიღოთ ეს კანონი, რა ურჩევნია ოპოზიციას, ერთი, მეორე თუ მესამე” – ირაკლი კობახიძე

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო მარტივი კითხვა, რომელიც დავსვი და, რომელსაც სჭირდება ასევე, მარტივი პასუხი. სულ არის სამი ალტერნატივა. გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ეს მოსწონს ოპოზიციის წარმომადგენლებს და გავაგრძელოთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, ვიცით, რომ ამას თავის შედეგები ექნება. მეორე ვარიანტია მივუშვათ და გავავრცელოთ შეგნებულად კორონავირუსი საქართველოში და მესამე ალტერნატივა არის, მივიღოთ ეს კანონი, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. მარტივად ვეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ურჩევნიათ? ერთი, მეორე თუ მესამე? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება თუ ურჩევნიათ ამ კანონის მიღება?! მარტივი კითხვაა და იქნებ მივიღოთ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტს განიხილავდნენ.

კობახიძის მოსაზრებით, კანონში რეგულაციების მოქმედების ვადად 15 ივლისი უნდა განისაზღვროს. ასევე, მისი შემოთავაზებით, შესაძლოა, კანონს 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები დაერქვას.

„რაც შეეხება თარიღს, ჩვენ ვფიქრობთ, ამ რეგულაციების მოქმედებას 15 ივლისამდე. იურიდიული ტექნიკის კუთხით შემოგთავაზებდით, რომ ეს თარიღი პირდაპირ ავსახოთ 451 მუხლის სათაურში და პირობითად შეიძლება დაერქვას 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში ეს ვადა გავრცელდება ყველა შემდგომ ნორმაზე, რომელიც არის ასახული ამ მუხლში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები