“მსხვილი პროექტები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები არის შემოსავლები” – ნათია თურნავა

ნათია თურნავამ იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ.

„ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნებისმიერი ღონისძიება კონკრეტულ ინდუსტრიასთან მრავალჯერ იქნა განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. მინისტრის განცხადებით, პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, საქართველოში შესაძლებელია არ შეფერხდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მიღებულ იქნას სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებები.

„ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე ფოთის პორტის პროექტს, რომლზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები