“შესაძლოა, ანალიზის დროს ხარვეზი იყოს, მაგრამ თუ კლინიკური გამოვლინება არ გვაქვს, პაციენტი ამ დროს გადამდები არ არის” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საჩხერის კლინიკის პაციენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განმეორებით დაინფიცირებაზე ვერ ისაუბრებენ, ვიდრე სრულყოფილი მონაცემები არ იქნება ცნობილი.

მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ კი სახეზეა, როგორც კლინიკური გამოჯანმრთელება, ასევე „პისიარ“ კვლევით  ვირუსის ელიმინირება.

„მე დაზუსტებით არ შემიძლია, გითხრათ სიტუაცია. აქ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს, განმეორებით დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი, თუ არ იყო  გამოვლენილი. ანუ, ეს არის ტესტი დადებითი კლინიკის გარეშე. ეს ერთი ვარიანტია. ე.ი. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით ჩვენ სრულყოფილი მონაცემები. ამდენი ხნის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ჩვენს პაციენტებს და ხდება ამ პაციენტების მონიტორინგი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. უშუალოდ კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ ჩვენ უკვე გამოჯანმრთელებას კი არა, ტესტის უარყოფით პასუხს ველოდებით და ვიძახით, რომ გამოჯანმრთელებასთან ერთად, თუ „პისიარ“ ტესტირება უარყოფითია, განმეორებით 24-საათიანი ინტერვალით უნდა გვქონდეს ორჯერ უარყოფითი, რითაც ვადასტურებთ, რომ ამ პაციენტთან კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსი ელიმინირებულია, ანუ, ე.ი. გამოჯანმრთელებულია ვირუსისგან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაია ტესტირების დროს გარკვეულ ხარვეზსაც არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია.

„გარკვეულწილად ყველაფერი ხდება. ტესტირების შემთხვევაში რა სიტუაციაა, შესაძლებელია რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს. ეს არის ვარაუდი, ამას არ აქვს მტკიცებულება. ჩვენ ვიცით რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად, ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა. ერთი პაციენტი იყო, 58 დღე სჭირდებოდა გამოჯანმრთელებას. იყო პაციენტები, რომელთაც 42, 38,32 დღე სჭირდებოდათ.

როცა ჩვენ ასეთ პაციენტებთან მონიტორინგს ვაწარმოებდით, მონიტორინგის დროს რაღაც გარკვეული სუსტი დადებითი პასუხის შემდეგ, მესამე, მეოთხე დღეს ვატარებდით გამოჯანმრთელების ტესტირებას. გარკვეულწილად მაინც რჩებათ ხოლმე ვირუსის რაღაცა მინიმალური რაოდენობა, რის გამოც ჩვენ კვლავ და კვლავ ვაგრძელებდით კვლევას.

ასეთი ვარიანტიც შეიძლება იყოს, რომ რაღაც პერიოდში მოხდა ერთი ანალიზის დროს რაღაცა ხარვეზი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. როცა ინფექციურობის უნარი არ აქვს, მას არ შეუძლია ადამიანების დასნებოვნება.

ანუ, კონტაქტის დროს ის არ გახდება წყარო ახალი პაციანტის დასნებოვნების, მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება გარკვეულწილად და პაციენტთან, რომელთანაც იქნება კვლავ განმეორებით კარანტინის დასრულების შემდეგ დადებითი ვირუსოლოგია, ეს პაციენტები ალბათ მეთვალყურეობას გააგრძელებენ, რომ თუნდაც ამ თვალსაზრისით იყვნენ გარკვეულწილად იზოლირებული, მაგრამ ეს უკვე დადასტურებულია.

ასეთი ხანგრძლივობის პერიოდში როდესაც უკვე არის გამოჯანმრთელება, უარყოფითი ტესტი, შემდეგ კვლავ ისევ სუსტი დადებითი, უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში ინფექციურობის უნარი არ გააჩნია ვირუსს და პაციანტი ამ დროს გადამდები არ არის. ამიტომ ამ შემთხვევაში წყნარად შეგვიძლია ვიყოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, პაციენტს, რომელიც საჩხერის კლინიკიდან საკარანტინო ზონაში იყო გადაყვანილი, კორონავირუსი ისევ დაუდასტურდა.

მსგავსი თემები