ზაფხულში ავტომობილში შინაური ცხოველის დატოვება შესაძლოა ფატალურად დასრულდეს  

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, ავტომობილების მფლობელებს მოუწოდებს, ავტომობილის დაძვრამდე დარწმუნდნენ, მის ქვეშ სიცხეს თავშეფარებული ცხოველი ხომ არ წევს და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძონ მოძრაობა. ასევე, ცხელ ამინდებში  გაჩერებული ავტომობილის სალონში უმეთვალყურეოდ არ დატოვონ ოთხფეხა მეგობარი,  რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს.

​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა,  არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც არის შემთხვევები, როდესაც კატები ან მცირე ზომის ძაღლები მძღოლებს გაუფრთხილებლობის გამო მოუკლავთ.

“ავტომობილების ქვეშ შეფარებული ცხოველების გაუფრთხილებლად მოკვლის შემთხვევები არის, მაგრამ საბედნიეროდ ხშირად არა. ამიტომ ყოველთვის, ავტომობილის დაძვრამდე სასურველია მცირე დროით ჩართული ძრავით გაჩერდეთ. მცირე პაუზა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველი დაფრთხეს და გაერიდოს ავტომობილს. ამგვარად მაქსიმალურად შემცირდება შინაური ცხოველის დაღუპვის რისკი”, –  აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

​მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია ავტომობილის ქვეშ დათვალიერება. ასევე, ცხელ ამინდებში სერიოზული პრობლემაა ავტომობილის სალონში ცხოველის დატოვება, რაც უმეტესად ფატალური შედეგით მთავრდება. მზის ქვეშ გაჩერებულ ავომობილში, მცირე დროში შესაძლოა 15 გრადუსით მოიმატოს ტემპერატურამ.

“როდესაც ავტომობილიდან თუნდაც 5 წუთით გადადიხართ, ეს შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტს ხანს. არ შეიძლება ცხელ ამინდში ავტომობილში დატოვოთ შინაური ცხოველი და მცირეწლოვანი ბავშვი. ეს სერიოზულ რისკს ქმნის. სულ რამდენიმე წუთში შეიძლება 15 გრადუსით მოიმატოს ავტომობილში სიცხის დროს ტემპერატურამ და გაიგუდოს ცხოველი, ასევე, დაუშვებელია ცხელ ამინდებში ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვის დატოვება”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

 

მსგავსი თემები