“მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი” – კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს  

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილია წარდგენილი.

პრემიერის შეფასებით, კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ხოლო ახალ თანამდებობაზე ის კოორდინაცია გაუწევს  პრემიერის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად გატარებას.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კახიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში.

” ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გააძლიერებს კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში იგრძნოს.

​მისივე თქმით, ზოგ უწყებაში უკვე დაწყებულია ძირეული რეფორმები.

​”მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა კახიშვილმა.

მსგავსი თემები