აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ტვირთის გადაცემა „ექსპო-ჯორჯიაში“, ჯანდაცვის სამინისტროს დროებითი საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. აშშ-ის ელჩმა საწყობის ტერიტორიაც დაათვალიერა.

„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლათ ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანტარდის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლხა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები რაც დიტრამ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფირობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები