“60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ზუგდიდში ახალ ბინას მიიღებს” – მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აქ მცხოვრებ დევნილებს გავაცანით ის განსახორციელებელი პროექტები, რომლებიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, ჯანდაცვის კუთხით დახმარებისთვის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულნი შესაბამის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში, რათა მოხდეს გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა 900 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.

მსგავსი თემები