6 სოციალური საწარმო მოზარდების სამსახურშია

6 სოციალური საწარმო თბილისში, თელავსა და გორში და დასაქმებული 36 მოზარდი – ეს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტია. სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები კი პროექტის ფარგლებში პროფესის ითვისებენ, საქმდებიან და ფეხზე მყარად დგომისთვის პირველ ნაბიჯებს დგამენ.

დავითი 17 წლისაა, სოციალურ საწარმოში მუშაობს და საკუთარი სტაბილური შემოსავალიც გააჩნია. საკუთარ მომავალს უკვე იმედიანად უყურებს და უფრო დიდი გეგმებიც აქვს: „მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა. პროექტიდან შემოთავაზების შემდეგ, გადავწყვიტე მუშაობა აქ დამეწყო. კოლეჯში ვსწავლობ, კომპიუტერული პროგრამების სპეციალობაზე და სოციალურ საწარმოშიც ამ მიმართულებით დავსაქმდი – მიღებულ შეკვეთებს პროგრამაში ვარეგისტრირებ და სამზარეულოს გადავცემ. მეუბნებიან, რომ საქმე კარგად გამომდის და მაქვს პოტენციალი მომავალში რესტორნის მენეჯერი გავხდე.“

დავითი ერთ-ერთია იმ 36 წარმატებული მოზარდიდან, რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ დაფუძნებულ სოციალურ საწარმოში დასაქმდა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თბილისში, თელავსა და გორში 6 სოციალური საწარმო დააფუძნა. სოციალური საწარმოების დაფუძნების მიზანი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმება და გადამზადებაა. პროექტის მესვეურების თქმით მოხდა ახალი ინოვაციური მოდელის სოციალური საწარმოების დაფუძნება, რომლიც პროექტის მიზნიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო მდგრადი, რათა უზრუნველეყო მოზარდების სტაბილური დასაქმება როგორც პროექტის მსვლელობის მანძილზე, ისე მომავალშიც.

დავით გუჩუა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საარსებო წყაროების უზრუნველყოფის და ეკონომიკური განვითარების პროგრამის მენეჯერი: „ჩვენ მიერ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული სოციალური საწარმოს ახალი, ინოვაციური მოდელი ითვალისწინებს ჩვენი, ცენტრი „აფხაზეთის“, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის და მოქმედი წარმატებული ბიზნესის მიერ ახალი არასამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნებას. ახალი დაფუძნებული ა(ა)იპ თავად გვევლინება სოციალურ საწარმოდ და ღებულობს სოციალური საწარმოს სტატუს. სოციალური საწარმოს მისიას უზრუნველყოფს ჩვენი ტიპის სუბიექტის ჩართულობა, ხოლო საწარმოს მაღალ ფინანსურ/ეკონომიკურ ეფექტიანობას გამოცდილების მქონე ბიზნეს სუბიექტი. ვფიქრობ, ეს მოდელი წარმოადგენს სოციალური და ბიზნეს სექტორების წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის მყარ საფუძველს. სოციალური საწარმო მიღებული გრანტის ხარჯზე იძენს წარმოების ახალ საშუალებებს, მომქმედი ბიზნესი ავითარებს საკუთარ წარმოებას, მყარად იკიდებს ფეხს ბაზრის შესაბამის სეგმენტში და ზრდის პოზიტიურ ფინანსურ შედეგებს. ეს მიდგომა საწარმოების მდგრადობას, მოზარდების სტაბილურ დასაქმებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას შეუწყობს ხელს“.

პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ საწარმოსთაგან ერთ-ერთია თელავში დაფუძნებული რძის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ“. საწარმოს დამფუძნებლები არიან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და თეალვში ერთ-ერთი წარმატებული მოქმედი რძის საწარმო „შუამთა“. ახალ დაფუძნებულ სოციალურ საწარმოს პროექტის ფარგლებში 17 ათასი ევროს ღირებულების რძის შოკური პასტერიზატორის დანადგარი გადაეცა, რამაც მას საშუალება მისცა გაეზარდა ყველის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. სოციალურ საწარმოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 10 მოზარდი დასაქმდა.

საწარმოს ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პროექტში ჩართვა მათი მხრიდან სწორი მარკეტინგული სვლა იყო, ვინაიდან, დამოუკიდებლად გაუჭირდებოდათ ახალი ძვირადღირებული დანადგარის შეძენა და წარმოების გაფართოება. პროექტის – „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება,” მიზანია სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაში ჩართული მოზარდების გაძლიერება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ახალ დაფუძნებული სოციალური საწარმოები კი მომავალშიც გააგრძელებენ მოზარდების გადამზადება-დასაქმების პროგრამას. პროექტის ფარგლებში სარგებელი მიიღო 144-მა მოზარდმა, მათგან 99-მა წარმატებით გაიარა სტაჟირება/გადამზადების კურსი, ხოლო 36 დასაქმდა.

მსგავსი თემები